სომხეთის ვიცე-სპიკერი - სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება რომის წესდების საკითხზე არავის ცნობს დამნაშავედ და არავის დაკავებას არ მოითხოვს
სომხეთის ვიცე-სპიკერი - სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება რომის წესდების საკითხზე არავის ცნობს დამნაშავედ და არავის დაკავებას არ მოითხოვს

სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ რომის წესდების რატიფიცირება არ მიაყენებს ზიანს რუსეთ-სომხეთის სტრატეგიულ ურთიერთობებს. ამის შესახებ განცხადება სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, აკოფ არშაკიანმა გააკეთა.

სომხურ მედიასთან ინტერვიუში არშაკიანი აცხადებს, რომ ერევანში გაითვალისწინეს რუსეთის შეშფოთება, რაც სომხეთის მიერ რომის წესდების რატიფიცირების შემდგომ პროცესთან არის დაკავშირებული. ჟურნალისტის კითხვაზე, მართლაც დააკავებენ თუ არა ვლადიმერ პუტინს, თუ ის სომხეთში ჩავა, ქვეყნის ვიცე-სპიკერი ასე პასუხობს:

„სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც რომის წესდების რატიფიცირება შესაბამისობაშია სომხეთის კონსტიტუციასთან, არავის ცნობს დამნაშავედ და არც არავითარ შემთხვევაში არ მოითხოვს არავის დაკავებას“, – აცხადებს არშაკიანი.

შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 17 მარტს გასცა რუსეთის პრეზიდენტის დაკავების განკარგულება.

ამასთან, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რომის წესდებას სომხეთმა ხელი 1998 წელს მოაწერა, ხოლო მისი იურისდიქცია 2022 წლის დეკემბერში აღიარა. 2023 წლის 24 მარტს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რომის წესდების ქვეყნის კონსტიტუციასთან შესაბამისობა ცნო. შესაბამისად, წესდების რატიფიცირება მოხდა.