სომხეთის საგარეო უწყების ცნობით, სომხეთი და საფრანგეთი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებაზე მუშაობენ
სომხეთის საგარეო უწყების ცნობით, სომხეთი და საფრანგეთი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებაზე მუშაობენ

სომხეთი და საფრანგეთი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებაზე მუშაობენ. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვაჰან კოსტანიანმა მოლაპარაკებები გამართა საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ბრის როკფეილისთან.

სომხეთის საგარეო უწყების ცნობით, სიღრმისეული განხილვა გაიმართა სომხეთსა და საფრანგეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების მიმართულებით ორივე მხარის მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით. კონსულტაციების დროს მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თავდაცვის, ეკონომიკის, კულტურისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში არსებული თანამშრომლობის პროგრამები, ასევე მათი განვითარებისა და გაფართოების პერსპექტივები.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის დღის წესრიგის საკითხები. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საფრანგეთის დადებით როლს აღნიშნული დღის წესრიგის გაფართოებასა და წინსვლაში.