სომხეთის საგარეო უწყება - დამწუხრებული ვართ ბათუმში კორპუსის ნგრევის გამო, სომხეთი საქართველოს მეგობარი ხალხის გვერდით დგას
სომხეთის საგარეო უწყება - დამწუხრებული ვართ ბათუმში კორპუსის ნგრევის გამო, სომხეთი საქართველოს მეგობარი ხალხის გვერდით დგას

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

„დამწუხრებული ვართ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის გამო. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს და დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. სომხეთი საქართველოს მეგობარი ხალხის გვერდით დგას“, – ნათქვამია საგარეო უწყების „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ექვსი ადამიანია დაღუპული. ხუთი ცხედარი მაშველებმა სამძებრო-სამუშაოების შედეგად ნანგრევებიდან ამოიყვანეს. ნანგრევებიდან გუშინ გვიან ღამით ამოყვანილი კიდევ ერთი მოქალაქე კი, დღეს დილით კლინიკაში გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე კლინიკაში რჩება ნანგრევებიდან ამოყვანილი 36 წლის მამაკაცი, რომლის მდგომარეობაც ექიმების შეფასებით, არის მძიმე.

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ბათუმში უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. არსებული ინფორმაციით, მაშველები ნანგრევებში კიდევ სამ ადამიანს ეძებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა. დაკავებულთაგან ერთ-ერთი პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოში 11 სექტემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

დატოვე კომენტარი