სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი მოკლევადიანი ვიზიტით მოსკოვში იმყოფება. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სომხეთის საგარეო უწყების პრესმდივანი ანა ნაგდალიანი წერს.
ზოჰრაბ მნაცაკანიანის რუსეთის დედაქალაქში ვიზიტის დღის წესრიგი უცნობია.
აღსანიშნავია, რომ მანამდე გამოცემა „პოლიტიკომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო 23 ოქტომბერს ვაშინგტონში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება.
არსებული ინფორმაციით, მაიკ პომპეო ჯერ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდება, შემდეგ კი, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანს. საუბრის მთავარი თემა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და იქ მიმდინარე საომარი მოქმედებები იქნება.