სომხეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა გამართეს
სომხეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა გამართეს

სომხეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი თავს ცუდად გრძნობს, რის გამოც პრემიერ-მინისტრმა არმენ სარქისიანი მოინახულა.

„ცხადია, პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა ისაუბრეს შიდაპოლიტიკურ მდგომარეობაზე. სხვა ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება, ყალბია. მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ პროვოკაციული და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან. ამასთან ერთად, ვიმეორებთ, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობს კონსტიტუციით, საერთო ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესებით და კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, სომხეთში შიდაპოლიტიკური მდგომარეობა 25 თებერვალს დაიძაბა, მას შემდეგ, რაც 25 თებერვალს ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა. ამას წინ უსწრებდა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, გენშტაბის უფროსის მოადგილე ტირან ხაჩატურიანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ სომხეთის მთავრობის მეთაურმა უკვე გენშტაბის უფროს ონიკ გასპარიანის გათავისუფლება მოითხოვა. თუმცა, ამ განკარგულებას სომხეთის პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა და განაცხადა, რომ განკარგულება ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

საპასუხოდ, ფაშინიანმა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გაუგებარი უწოდა და გენშტაბის მეთაურის გადაყენება ხელმეორედ მოითხოვა, ხოლო სომხეთის მმართველ პარტიაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესაძლებლობაზე ალაპარაკდნენ. ამის შესახებ ფრაქცია „ჩემი ნაბიჯის“ წევრმა, ვაან ოვაკიმიანმა განაცხადა.

სომხეთის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის გადასაყენებლად პარლამენტის წევრთა ორი მესამედის მხარდაჭერაა საჭირო.