სომხეთის პრეზიდენტი - შექმნილ ვითარებაში არავინ არ უნდა შეეცადოს, რომ პრეზიდენტი პოლიტიკურ პროცესებში ჩართოს
სომხეთის პრეზიდენტი - შექმნილ ვითარებაში არავინ არ უნდა შეეცადოს, რომ პრეზიდენტი პოლიტიკურ პროცესებში ჩართოს

სომხეთის პრეზიდენტს, არმენ საქრისიანს არ სურს, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩართონ. მისი განმარტებით, გენშტაბის უფროსის გათავისუფლების შესახებ განცხადება არ არის რიგითი საკადრო ცვლილება, იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთის კონსტიტუციით თანახმად, გენშტაბის უფროსი უზრუნველყოფს თავდაცვას, უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობასა და საზღვრების ხელშეუხებლობას.

„შექმნილ ვითარებაში, არავინ არავითარი სახით, არ უნდა შეეცადოს, ჩართოს პრეზიდენტი პოლიტიკურ პროცესებში. დაუშვებელია პრეზიდენტზე ნებისმიერი ზეწოლის მცდელობა“, – ნათქვამია სომხეთის პრეზიდენტის განცხადებაში. ქვეყნის კონსტიტუციით, პრეზიდენტს სამდღიანი ვადა აქვს საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად.

გენშტაბის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით არმენ სარქისიანს პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მას შემდეგ მიმართა, რაც გენშტაბმა მისი და მთავრობის სხვა წევრების გადადგომა მოითხოვა. ამის მიზეზი გენშტაბის უფროსის პირველი მოადგილის პრემიერის ინიციატივით გათავისუფლება გახდა. უთანხმოება ნიკოლ ფაშინიანსა და ტირან ხაჩატურიანს შორის რუსული წარმოების სარაკეტო სისტემა „ისკანდერთან“ დაკავშირებით მოხდა. ხაჩატურიანმა პრემიერის განცხადებას, რუსული სისტემების არაეფექტურობასთან დაკავშირებით, არარეალური უწოდა.