სომხეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს
სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„ჩვენ წავაგეთ თავსმოხვეული ომი, როგორც ბრძოლის ველზე, ასევე დიპლომატიურ და საერთაშორისო არენებზე. ბრძოლა შესაძლოა, წააგო, მაგრამ დაუშვებელია, წააგო როგორც ერმა. ჩვენი ქვეყანა ისეთი აღარ არის, როგორიც 26 სექტემბერს, ან თუნდაც 8 ნოემბერს იყო. ბოლო დღეების განმავლობაში ათობით პოლიტიკური კონსულტაცია გავიარე სხვადასხვა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ძალასთან. აბსოლუტურად ყველა ერთიანია ერთ საკითხში: პრემიერის გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ჩვენი ხელით გადამწვარი სახლის და დაკარგული სამშობლოს აღდგენა ერთი გზით არის შესაძლებელი: განვაახლოთ ჩვენი გამარჯვება და ავაშენოთ სახელმწიფო, რომლითაც ნამდვილად ვიამაყებთ“, – აცხადებს არმენ სარქსიანი.