სომხეთის პოლიციაში ნიკოლ ფაშინიანის დაკავებას უარყოფენ
სომხეთის პოლიციაში ნიკოლ ფაშინიანის დაკავებას უარყოფენ

სომხეთის პოლიცია ოპოზიციონერი დეპუტატის ნიკოლ ფაშინიანის დაკავებას უარყოფს.

როგორც პოლიციის პრესსამსახურში აცხადებენ, ფაშინიანი და ოპოზიციის კიდევ რამდენიმე ლიდერი სამართალდამცველებმა „იძულებით გაიყვანეს დემონსტრაციიდან, რათა აქტივისტების უკანონო შეკრება შეწყვეტილიყო“.

„აქციის ინიციატორები – ნიკოლ ფაშინიანი, არარატ მირზოიანი და სასუნ მიკაელიანი იძულების წესით გაიყვანეს დემონსტრანტების რიგებიდან, რათა შეწყვეტილიყო აქტივისტების უკანონო შეკრება“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

სამივე პირი, რომელზეც განცხადებაშია საუბარი, სომხეთის პარლამენტის წევრია.

სომხურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერევანში აქციის მსვლელობისას ოპოზიციონერი ნიკოლ ფაშინიანი დააკავეს.