სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერი მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განმარტებას  ავრცელებს
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერი მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განმარტებას ავრცელებს

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერი ალინა ნიკოღოსიანი მინისტრის, არსენ ტოროსიანის განცხადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განმარტებას ავრცელებს.

„მინისტრმა ისაუბრა სისტემებს შორის განსხვავებაზე.

ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა ისაუბრა სომხეთისა და საქართველოს ეპიდემიოლოგიური სისტემების შესახებ და კერძოდ, უპასუხა შემდეგ შეკითხვას:

„რითაა განპირობებული სტატისტიკური სხვაობა საქართველოსა და სომხეთს შორის? საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი მცირდება. საქართველოში განსხვავებული მეთოდიკა არსებობს კორონავირუსით ინფიცირებულთა აღსარიცხად და საქართველომ ნამდვილად შეძლო ეპიდემიის გავრცელების ტემპის შენელება?“.

ქართულმა და სომხურმა მედიებმა მოიყვანეს არსენ ტოროსიანის სიტყვები კონტექსტიდან ამოჭრილად, რამაც დაარღვია ნათქვამის აზრი. იმისათვის, რომ ყველაფერი გასაგები იყოს, მომყავს მინისტრის სიტყვები მთლიანად:

„მე არ უარვყოფ, რომ საქართველოში შემზღუდველი ზომები უფრო უკეთესი, მკაცრი და ძლიერია, მათ შორის, დღემდეც.

ასევე, არსებობს განსხვავება მეთოდოლოგიაში. უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, განსაკუთრებით ეპიდემიური სიტუაციის საწინააღმდეგო სისტემა, მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩვენისგან, რა თქმა უნდა, არა კარგი გაგებით. ჩვენი ეპიდემიური სისტემა უფრო ძლიერია და მე არ ვამბობ ამას იმისთვის, რომ ვიამაყო, არამედ მე მხოლოდ ფაქტს აღვნიშნავ პროფესიონალური და არაპოლიტიკური თვალთახედვით.

იმედი მაქვს, რომ ჩვენი მეზობლები, ყველანი შეძლებენ, გააძლიერონ თავიანთი სისტემები და ამით ჩვენ ყველანი უფრო დაცულნი ვიქნებით. იგივე ეხება ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციას. რატომ არის ეს სამი ქვეყანა ჩვენთვის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან დაუცველები ვართ ნაკადების თვალსაზრისით“, – წერს სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერი „ფეისბუქში“.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება სომხურმა მედიამ გაავრცელა. როგორც გამოცემა „პანორამა.ამი“ წერს, საზოგადოებრივი საბჭოს ონლაინ სხდომის დროს, ტოროსიანმა სომხეთსა და საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის სხვაობაზე ისაუბრა. „ჩვენი ანტიეპიდემიოლოგიური სისტემა უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოსი“, – აღნიშნა მინისტრმა და დაამატა, რომ სომხეთი დაინტერესებულია, რომ მის მეზობელ ქვეყნებში ძლიერი ანტიეპიდემიოლოგიური სისტემები იყოს.

ამავე წყაროს ცნობით, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხემძღვანელმა საქართველოსა და სომხეთის მეთოდოლოგიებში სხვაობაზეც ისაუბრა. „არ გამაჩნია 100-პროცენტიანი ინფორმაცია, სიმართლე გითხრათ, არც მიმაჩნია ეს ჩვენს პრიორიტეტულ მიზნად, თუმცა, შესაძლოა, საქართველოში ჩატარებული 40 ათასი ტესტიდან ყველა „პისიარ“ ტესტი არ იყოს. მათი ნაწილი შესაძლოა, ყოფილიყო კორონავირუსის ექსპრესტესტი, რომელსაც ჩვენ პრაქტიკაში არ ვიყენებთ, რადგან ისინი ნდობას არ იწვევს“, – აღნიშნა მინისტრმა.

როგორც გამოცემა „პანორამა.ამი“ წერს, ტოროსიანი ასევე დაინტერესდა, საქართველოში სტატისტიკა მოიცავს თუ არა პნევმონიით გარდაცვლილებს, რომლებსაც ამავე დროს, „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი ჰქონდათ. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ არის შემთხვევები, როდესაც ტესტი უტარდებათ საქართვლოს გავლით სომხეთში ჩასულ პირებს, მათ შორის, ქართველ მძღოლებს და ტესტის პასუხი დადებითია. „შეგვიძლია, ახლა ჩავთვალოთ, რომ საქართველოში დღეში როდესაც ცხადდება ინფიცირების 1-2 ან 6 შემთხვევის შესახებ, ყველა შემთხვევა არ დასტურდება და არ ხდება სტატისტიკად? საბოლოო პასუხი ამ შეკითხვაზე მე არ მაქვს“, – განაცხადა ტოროსიანმა.