სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი - კორონავირუსით ინფიცირებულ ოთხი წლის ბავშვს კავასაკის სინდრომი დაუდგინდა
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი - კორონავირუსით ინფიცირებულ ოთხი წლის ბავშვს კავასაკის სინდრომი დაუდგინდა

სომხეთში ოთხი წლის ბავშვს, რომელიც „კოვიდ-19“-ით არის დაინფიცირებული, კავასაკის სინდრომი დაუდგინდა. ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაწერა.

„სამწუხაროდ, გვაქვს კავასაკის სინდრომის შემთხვევა ოთხი წლის ბავშვში. ბოლო დროს სხვადსხვა ქვეყანაში იზრდება ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც კავასაკის სინდრომით არიან დაავადებული. მეცნიერების ნაწილი კი, ამას კორონავირუსს უკავშირებს“, – წერს ჯანდაცვის მინისტრი.

ტოროსიანის თქმით, საერთაშორისოს სტატისტიკის გათვალისწინებით, სომხეთმა უკვე შეიძინა კავასაკის სამკურნალო პრეპარატები.

„იმედს ვიტოვებ, რომ ბავშვი მალე გამოჯანმრთელდება, ექიმების შეფასებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, – წერს არსენ ტოროსიანი.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან დადგენილი წესები, ერთმანეთთან კომუნიკაციის დროს ატარონ ნიღბები და ხშირად დაიბანონ ხელები.

კავასაკის სინდრომი იშვიათი დაავადება, რომელიც უმეტესად ხუთ წლამდე ბავშვებში ვითარდება. მისი სიმპტომებია მაღალი სიცხე, გამონაყარი კანზე, თვალებისა და ენის სიწითლე, დიარეა. შესაძლოა, განვითარდეს სისხლძარღვების ანთებითი პროცესი.