სომხეთის იუსტიციის სამინისტრო - პოლიციას დემონსტრაციის დაშლის კანონიერი უფლება აქვს
სომხეთის იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ პოლიციას დემონსტრაციის დაშლის კანონიერი უფლება აქვს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებული განცხადებაშია ხაზგასმული, თუ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილებიან სამართალდამცველების მოთხოვნას, პოლიციას კანონით აქვს უფლება, ძალა გამოიყენოს.
„იმ შემთხვევაშიც კი, თუ აქცია შეთანხმებული არ არის, მაგრამ მშვიდობიან ხასიათს ატარებს, მაშინ პოლიცია ვალდებულია, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აქციის ორგანიზატორები პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სომხეთის იუსტიციის სამინისტრო ასევე განმარტავს, რომ თუ აქციის მონაწილეები სხვა მოქალაქეების უფლებებს ან საზოგადოების ინტერესებს შელახავენ, პოლიციას აქვს უფლება, მიიღოს შესაბამისი ზომები.
„თუ დემონსტრანტები პოლიციის მოთხოვნას დათქმულ ვადაში არ შეასრულებენ, სამართალდამცველებს აქვთ უფლება, დაშალონ მიტინგის მონაწილეები“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
ერევანში რამდენიმე დღეს, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის პრემიერად არჩევას აპროტესტებენ.