სომხეთის ადვოკატთა აკადემიის რექტორის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანის მიერ ეკლესიაზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით კორუფციის პრევენციის კომისიაში საჩივარი შევიდა
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიერ ეკლესიის შესახებ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით ქვეყნის კორუფციის პრევენციის კომისიაში საჩივარი შევიდა.
სომხური მედიის თანახმად, ამის შესახებ სომხეთის ადვოკატთა აკადემიის რექტორმა, არა ზოჰრაბიანმა განაცხადა.
არა ზოჰრაბიანის თქმით, ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებისას ვალდებულია, იხელმძღვანელოს საჯარო სამსახურის შესახებ კანონით დადგენილი ქცევის პრინციპებით, რომლებიცაა საჯარო სამსახურის შესახებ ცნობიერება, საზოგადოებრივი ინტერესებისადმი ერთგულება, კარგი მანერები და პატივისცემა, პატიოსნება, ობიექტურობა.
„ნიკოლ ფაშინიანმა, რომელიც ვალდებულია, ნებისმიერ სიტუაციაში გამოიჩინოს კარგი მანერები, თავაზიანობა, ტაქტი და თავშეკავება, თავისი შეუზღუდავი ცინიკური ლექსიკით, დისკრიმინაციული დამოკიდებულების გამო, თავდასხმა განახორციელა სასულიერო პირების მაღალი რანგის წარმომადგენლებზე, კერძოდ, სრულიად სომეხთა კათოლიკოსზე, ეპისკოპოს მიქაელ აჯაპახიანზე და ასევე ცდილობს ჩარევას სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის დამოუკიდებელ მმართველობაში. შეგახსენებთ, რომ, „სომხეთის რესპუბლიკასა და სომხურ წმინდა სამოციქულო ეკლესიას შორის ურთიერთობების შესახებ“ კანონის მე-2 ნაწილის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სომხეთის რესპუბლიკა აღიარებს სომხური წმინდა სამოციქულო ეკლესიის თვითმმართველობას თავისი იერარქიის ფარგლებში. ამ და სხვა დარღვევებთან დაკავშირებით საჩივარი კორუფციის პრევენციის კომისიაში შევიდა. კომისია, სავარაუდოდ, დაიწყებს წარმოებას და გამოიტანს დასკვნას სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მყოფი ნიკოლ ფაშინიანის მიერ ქცევის წესების დარღვევის არსებობის შესახებ“, – განაცხადა არა ზოჰრაბიანმა.