სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.

როგორც აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, სომხურმა მხარემ აღდამის რაიონი დაბომბა.

თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა, აზერბაიჯანის ძალებმა ყარახანბეილის მიმართულებით განახორციელეს თავდასხმა.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში დღეს 12:00 საათიდან შევიდა.

გუშინ მოსკოვში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების 11-საათიანი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების მიხედვით, კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლი უნდა შეწყდეს, რათა მოხდეს სამხედრო ტყვეებისა და დაღუპულების ცხედრების გაცვლა.

ამასთან, აზერბაიჯანი და სომხეთი, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის შუამავლობით, დარეგულირების საბაზო პრინციპებზე დაყრდნობით შეუდგებიან „სუბსტანტიურ მოლაპარაკებებს მშვიდობიანი დარეგულირების რაც შეიძლება სწრაფად მისაღწევად“.