სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.
სომხეთი აზერბაიჯანის მიერ საომარი მოქმედებების განახლების შესახებ იუწყება. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს სომხეთის კონტროლქვეშ მყოფი ორი სოფლის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ გასულ ღამეს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე დარჩენილი სომეხი ჯარისკაცების მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციას. „მე მომახსენეს, რომ გუშინ სომხური არმიის ნარჩენებმა ტერორისტული აქტები განახორციელეს. ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია. ისინი ყურადღებით უნდა იყვნენ, არ უნდა დაგეგმონ არავითარი საომარი მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამჯერად ჩვენ მათ მთლიანად გავანადგურებთ. იმედი მაქვს, სიტუაცია აქამდე არ მივა“, – განაცხადა ალიევმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ფაქტს ადასტურებენ რუსი სამხედროებიც, რომლებიც მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე იმყოფებიან.