სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების ესკალაციის ფონზე, ნიკოლ ფაშინიანმა ენტონი ბლინკენთან, ვლადიმერ პუტინთან და ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრები გამართა
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების ესკალაციის ფონზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრები გამართა.
როგორც სომხური მედია ნიკოლ ფაშინიანის ოფისზე დაყრდნობით წერს, ბლინკენთან საუბრისას ნიკოლ ფაშინიანმა მას მიაწოდა ინფორმაცია „სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ აზერბაიჯანის აგრესიის შედეგად შექმნილი სიტუაციის“ შესახებ. სომხეთის პრემიერმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეატყობინა, რომ მიმდინარე მოქმედებების გამო, სომხურმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, მიემართა რუსეთისთვის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისა და გაერო-ს უშიშროების საბჭოსთვის. აღნიშნულ კონტექსტში სომხეთის პრემიერმა საერთაშორისო საზოგადოების ადეკვატური რეაქციის იმედი გამოთქვა.
თავის მხრივ, სომხური მხარის ცნობით, ბლინკენმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და სიტუაციის შემდგომი გამწვავება მიუღებლად მიიჩნია. ვაშინგტონმა მზადყოფნა გამოთქვა, მიმართოს ძალისხმევას სიტუაციის სტაბილიზაციისთვის.
ნიკოლ ფაშინიანის პრესსამსახურის ცნობით, ვლადიმერ პუტინსა და ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრებისას, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მათ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია „სომხეთის სუვერენული ტერიტორიის მიმართ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პროვოკაციული აგრესიული ქმედებების შესახებ“, რასაც თან ახლდა საარტილერიო საშუალებებიდან, ასევე მსხვილკალიბრიანი იარაღიდან ცეცხლის გახსნა. ფაშინიანმა დაუშვებელი უწოდა აზერბაიჯანული მხარის ქმედებებს და საერთაშორისო თანამეგობრობის ადეკვატური რეაქციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
თავის მხრივ, პრეზიდენტმა მაკრონმა დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას დაუშვებელი უწოდა და ვითარების განმუხტვის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.