სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ დაიძაბა
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ დაიძაბა

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ დაიძაბა. გასული ღამის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებები განახლდა, რის შესახებაც ორივე მხარე იუწყება.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის მხრიდან თოვუზის მიმართულებით სროლა იყო, რომელიც მსხვილკალიბრიანი შეიარაღებიდან განხორციელდა. თუმცა, ოფიციალური ბაქოს ცნობით, არავინ დაშავებულა.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს სომხური მხარე. თავდაცვის მინისტრმა, დავიდ ტონოიანმა ეუთო-ს წარმომადგენელს აზერბაიჯანის საზღვართან ვითარების გამწვავების შესახებ აცნობა. სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის მხრიდან შეტევები შეჩერებულია ყველა შესაძლო საშუალებით, შედეგად აზერბაიჯანულ მხარეს არიან დაშავებულები და დაღუპულები. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, „სომეხმა სამხედროებმა აღკვეთეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დივერსიული შეჭრის მცდელობები“. სომხური მხარე იუწყება ჰაუბიცებიდან მათი დასახლებების მიმართულებით განხორციელებულ გასროლებზე.

ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან 12 ივლისს გამწვავდა, რასაც ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით 12 ივლისის შემდეგ, საზღვართან შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად, ოფიციალური ბაქოს ცნობით დაღუპულია 11 აზერბაიჯანელი სამხედრო, მათ შორის ერთი გენერალი, ხოლო ერევანმა, ოთხი ოფიცრის გარდაცვალებისა და 10 დაშავებულის შესახებ გაავრცელა ცნობა. ვითარება ადგილზე კვირას დაიძაბა. მხარეები პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ. განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და დიალოგისკენ მოუწოდეს.

დატოვე კომენტარი