სომეხთა ეკლესია ექვს იანვარს შობასა და ნათლისღებას აღნიშნავს
სომეხთა ეკლესია ექვს იანვარს შობასა და ნათლისღებას აღნიშნავს

სომეხთა ეკლესიის კალენდრის თანახმად, ქრისტეშობის წინა ერთი კვირა მარხვაა. შობის ბრწყინვალე დღესასწაული იწყება ხუთ იანვარს, საღამოს და გრძელდება შუაღამის შემდეგ.

ხუთ იანვრის საღამოს ყველა სომხურ ეკლესიაში აღევლინება ნათლისღების ჭრაგალუიცი და საღმრთო ლიტურგია. „ჭრაგალუიც“ ნიშნავს სანთლის დანთებას. ამ დღეს ეკლესიაში დანთებული სანთლები ხალხს სახლში მიაქვს. ის ღვთაებრივი ნათლის, ეკლესიის კურთხევის სიმბოლოა. ჭრაგალუიცი ასევე განასახიერებს ბეთლემის ვარსკვლავის სინათლეს, რომელიც მოგვებს წარუძღვა ყრმა იესოსკენ. ჭრაგალუიცის წმიდა წირვა წელიწადში ორჯერ – ქრისტეშობის და აღდგომის დღესასწაულებზე აღევლინება.

თბილისის სურბ ეჯმიაძინის ეკლესიაში ხუთ იანვარს, 17:00 სთ-ზე აღევლინება ჭრაგალუიცის წმინდა წირვა, რომელსაც საქართველოში სომხური ეპარქიის წინამძღვარი, ღირსი მამა, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი ჩაატარებს.

ექვს იანვარს სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესია ზეიმობს იესო ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს. სომეხთა ეკლესია ამ ორ მოვლენას ერთად, ექვს იანვარს აღნიშნავს. საშობაო წმინდა წირვა სურბ გევორგის საკათედრო ტაძარში ექვს იანვარს, 10:30 საათზე დაიწყება, რომელსაც საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, ღირსი მამა, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი ჩაატარებს. ლიტურგიის დასასრულს შესრულდა წყალკურთხევის რიტუალი.