„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის, ოლე-გუნარ სოლსკიაერის მომავალი კლუბში, „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩებზეა დამოკიდებული. როგორც გაზეთი „სანი“ The Sun წერს, ამ შეხვედრებში წარმატებული შედეგის შემთხვევაში, კლუბის ხელმძღვანელობა 45 წლის ნორვეგიელს სრულფასოვან კონტრაქტს გაუფორმებს.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა უდიდესი შთაბეჭდილების ქვეშაა სოლსკიაერის მუშაობით – გუნდმა 10 თამაშში ცხრა მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. ამავდროულად, „იუნაიტედი“ აგრძელებს იმ სპეციალისტის ძებნას, რომელიც გუნდს მომავალი წლიდან სათავეში ჩაუდგება.
სოლსკიაერი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად 2018 წლის 19 დეკემბერს ჟოზე მოურინიოს გაშვების შემდეგ დანიშნეს. ამ მომენტისთვის „წითელი ეშმაკები“ მეხუთე ადგილზე არიან – 25 ტურის შემდეგ 48 ქულა აქვთ.