სოლსკიაერის აზრით მანჩესტერი მომავალ წელს ტიტულისთვის ვერ იბრძოლებს
სოლსკიაერის აზრით მანჩესტერი მომავალ წელს ტიტულისთვის ვერ იბრძოლებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ დამრიგებელი ოლე გუნარ სოლსკიაერი თვლის, რომ თუ მისი გუნდი მომავალ სეზონში ტიტულისთვის იბრძოლებს, ეს იქნება სასწაული, რადგან სპეციალისტის აზრით „იუნაიტედს“ წარმატების მისაღწევად მხოლოდ ერთი სეზონი ვერ ეყოფა.

ნორვეგელი ინგლისურ გრანდს გასული წლის დეკემბრის თვეში ჩაუდგა სათავეში. მას შემდეგ კლუბმა თამაშის ხარისხი შესამჩნევად გააუმჯობესა, თუმცა სეზონის დასასრულს „იუნაიტედმა“ უკლო, შედეგად, ოთხეულის საგზური პრემიერ ლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე უკვე დაკარგა.

გულშემატკივრები ცვლილებებსა და სიახლეებს ელიან. ბევრის აზრით „იუნაიტედს“ მომავალი სეზონისთვის ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეეძლება, თუმცა ცნობილია სოლსკიაერის მოსაზრება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.

„საჭიროა ვიყო გულწრფელი. თუ „იუნაიტედი“ მომავალ სეზონში პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში ჩაებმება ეს იქნება სასწაული, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემპიონატის საუკეთესო კლუბებს მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით. მომავალ წელს ჩამორჩენის აღმოფხვრას შევეცდებით“, – ციტირებს „ინდეპენდენტი“ (Independent) სოლსკიაერის სიტყვებს.