სოლსბერიში კვლავ გაიხსნება რესტორანი, რომელშიც სერგეი და იულია სკრიპალებმა მოწამვლის დღეს ისადილეს
ინგლისის ქალაქ სოლსბერიში კვლავ გაიხსნება რესტორანი, რომელშიც სერგეი და იულია სკრიპალებმა მოწამვლის დღეს ისადილეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს.
რესტორანი Zizzi 2018 წლის მარტიდან დაკეტილია, მას შემდეგ, რაც იქ ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკის“ კვალი აღმოაჩინეს.
დიდი ბრიტანეთის ეკოლოგიის, სურსათისა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა რესტორანი უსაფრთხოდ აღიარა მას შემდეგ, რაც სპეციალისტებმა დაწესებულებაში წმენდა ჩაატარეს.
სოლსბერიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ უარყოფითი რეკლამის მიუხედავად, რესტორან Zizzi-ს ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სხვა შენობაში გადასვლას არ გეგმავს. ამასთან, რესტორნის დირექტორმა ფილ ბოიდმა აღნიშნა, რომ ცხრა თვის განმავლობაში, როდესაც რესტორანი დაკეტილი იყო, მისი პერსონალი ხელფასს იღებდა.
მისივე თქმით, ვიზიტორებს რესტორანში საფრთხე არ ემუქრებათ. დაწესებულების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, გახსნის პირველ დღეს მიღებული თანხა საქველმოქმედო მიზნებისთვის დაიხარჯება.
რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია სოლსბერიში მარტის დასაწყისში მოწამლეს. დიდმა ბრიტანეთმა მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.