სოხუმის „დინამოს“ მწვრთნელი - შევეცდები, პირადად გადავიდე ენგურზე და ეს საჩუქრები გალელ ბავშვებს პირადად ჩავუტანო
სოხუმის „დინამოს“ მწვრთნელი - შევეცდები, პირადად გადავიდე ენგურზე და ეს საჩუქრები გალელ ბავშვებს პირადად ჩავუტანო

თბილისში ბაზირებული სოხუმის „დინამოს“ დირექტორმა დავით თაქთაქიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა პოსტი, სადაც აფხაზეთში არსებულ ქართველების გუნდზე დაწერა და გუნდის სახელით, მისი თანადგომის სურვილი გამოთქვა.

„ამ ფოტოზე „გალი-ენგურია“ – გუნდი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც გალის რაიონის სოფელ საბერიოში ვარჯიშობს. ეს ბავშვები და მისი მწვრთნელი, ბატონი ზვიად არონია სოხუმის„დინამოს“ იმ თამაშებს უყურებენ, რომლის იუთუბ-რეპორტაჟები გვაქვს და ოკუპირებული ტერიტორიიდან ჩვენს გუნდს გულშემატკივრობენ – „დინამოს“ ვაჟების და გოგონების გუნდებს. ყველას გვესმის, რომ ამ ბავშვებს და ამ მწვრთნელს არ აქვს ის პირობები, რაც უნდა ჰქონდეთ, ენგურს იქით არც ისე არხეინადაა ყველაფერი. ყველამ კარგად ვიცით, რომ რუსული ოკუპაცია ჩვენს ძმებს განვითარების საშუალებას არ აძლევს. ეს გუნდი ზუგდიდში სოფელ კახათში კლუბ„კოლხას“ მიერ ორგანიზებულ ტურნირზე ვნახე, სადაც მესამე ადგილი დაიკავა. შესაშური ტექნიკის მქონდე ბავშვები არიან – არა რომელიმე მათგანი, არამედ ყველა, ესაა ნიჭი! ვიცი კლუბი„კოლხა“, ბაკურ ჭითანავა და კლუბის მფლობელი ბატონი თემურ გეთია ეხმარებიან ამ ბავშვებს, მაგრამ რა თქმა უნდა ისინი უფრო მეტს იმსახურებენ. ზვიადის თქმით, აფხაზეთში არაერთი ნიჭიერი ბავშვია, ფეხბურთის თამაში ძალიან ბევრს სურს, მაგრამ ელემენტარული პირობები არაა – იგივე ინფრასტუქტურა თუ ხარისხიანი ფორმები, ბურთები თუ სხვა ინვენტარი. როგორც გავიგე, ანალოგიური მიზეზით ვერ ახერხებენ ვარჯიშს გოგონებიც, სადაც ასევე ძალიან ბევრი მსურველია“, – წერს დავით თაქთაქიშვილი.

სოხუმის „დინამოს“ დირექტორმა კლუბის გადაწყვეტილებაც გაასაჯაროვა, რომ გალელების დახმარებას აპირებს.

„ამის შემდეგ ჩემი კლუბის ხელმძღვანელებს, მამუკა ბიძინაშვილსა და მამუკა ასათიანს ველაპარაკე და ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება: როგორც კი კორონას პანდემია შემსუბუქდება, ჩვენი კლუბი ყველა ბავშვს სავარჯიშო თუ სათამაშო ეკიპირებას და ინვენტარს გადასცემს – ბურთებს, ფორმებს, საწვიმრებს, სათამაშო თუ სავარჯიშო მაისურებს, სავარჯიშო ინვენტარს, რათა ბავშვების ყოფა გაუმჯობესდეს და საკუთარი თავის მეტ რეალიზაციაზე იფიქრონ. ჩვენ ასევე ხელს შევუწყობთ გალში გოგონათა გუნდის ჩამოყალიბებას, სადაც ფეხბურთელებს ყველა საჭირო ინვენტარით და ეკიპირებით ვუზრუნველყობთ“.

თაქთაქიშვილის თქმით, ის აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს:

„როგორც კლუბის გენერალური დირექტორი ვამბობ – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს კლუბში თითოეულ დევნილს თუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ფეხბურთელს ადაპტაციაში და კარიერულ წინსვლაში დავეხმარებით. ეს ჩვენი კლუბის პირდაპირი ვალდებულებაა, რომ ენგურის მეორე მხრიდან მოვიწვიოთ ფეხბურთელები და რაც შეიძლება ბევრი დევნილი ბავშვი ავიყვნოთ ჩვენს ძირითად თუ ასაკობრივ გუნდებში, როგორც ვაჟები, ასევე გოგონები. 2021 წელს შევეცდები, პირადად გადავიდე ენგურზე და პირადად ჩავუტანო ეს საჩუქრები ბავშვებს, მიუხედავად არსებული რისკისა – აფხაზეთი საქართველოა და დედამიწის ზურგზე ვერავინ შემიშლის ხელს, ჩემს უმშვენიერს კუთხეს, აფხაზეთს, მოვეფერო და ჩემს ძმებს ჩავეხუტო. აფხაზეთი საქართველოა, ხოლო აფხაზები – ჩვენი ძმები. ასე იყო, არის და იქნება მუდამ! ჩვენ სპორტსმენებმა კი ყველაფერი უნდა გავაკეთოდ იმისთის, რომ ძმებს შორის შერიგება უფრო მეტად დაჩქარდეს და ურთიერთობები დათბეს!“