სოხუმის „დინამოს“ დამფუძნებელი - აფხაზეთი ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს დროშით უნდა წარვადგინოთ
სოხუმის „დინამოს“ დამფუძნებელი - აფხაზეთი ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს დროშით უნდა წარვადგინოთ

„ჩვენ ყველა შანსს გამოვიყენებთ, რომ სოხუმის „დინამო“ საქართველოს სახელით წარვადგინოთ“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან სოხუმის „დინამოს“ დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ბიძინაშვილი.

ეროვნული ლიგის შემდეგ, სეზონი ქალთა ფეხბურთშიც განახლდება. ახალი სეზონიდან ლიგაში ახალი და ამბიციური მონაწილე იქნება – 2020 წლის სეზონში ქალთა უმაღლეს ლიგაში გუნდს სოხუმის „დინამო“ გამოიყვანს. სოხუმის „დინამოში“ ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების წევრებიც დაიმატეს, საზღვრების გახსნის შემდეგ კი ირანის ეროვნული ნაკრების სამი წევრის ჩამოსვლას ელიან, რომელთაც მსოფლიო ჩემპიონტზე უთამაშიათ. გუნდს აქვს ამბიცია, რომ ჩემპიონობისთვის იბრძოლოს და სოხუმის გუნდის სახელით ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე საქართველო წარადგინოს.

გუნდის დაკომპლექტება ამჟამად მიმდინარეობს და მალე სოხუმის „დინამოში“ მზადება დაიწყება. საქართველოს ქალთა ჩემპიონატი კი, სავარაუდოდ, აგვისტოში დაიწყება.

„ვაჟთა გუნდთან ერთად, ადრე ფუტსალის გუნდი გვყავდა, ახლა კი ქალთა გუნდს ვაყალიბებთ და იმედი მაქვს, რომ ჩემპიონობას მოვიპოვებთ და ჩემპიონთა ლიგაზე სოხუმის გუნდი საქართველოს და მის დროშას წარადგენს. მიმაჩნია, რომ ეს ეროვნული საქმეა“ – ამბობს სოხუმის „დინამოს“ დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ბიძინაშვილი.