სოხუმის „დინამო“ ქალთა გუნდსაც აყალიბებს
სოხუმის „დინამო“ ქალთა გუნდსაც აყალიბებს

საფეხბურთო კლუბი „დინამო სოხუმი“ საქართველოს ქალთა საფეხბურთო ტურნირების მონაწილე გახდება და ეროვნული თასის გათამაშებაში ჩაერთვება – ინფორმაციას სოხუმელთა ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„სოხუმის „დინამო“ 2020 წლიდან საქართველოს ქალთა საფეხბურთო ტურნირებში ჩაერთვება, კერძოდ საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში მივიღებთ მონაწილეობას. ამჟამად გუნდის დაკომპლექტება მიმდინარეობს. „დინამოს“ ქალთა გუნდში ჩარიცხული ყველა ფეხბურთელი უზრუნველყოფილი იქნება სავარჯიშო და სათამაშო ეკიპირებით. ასევე, ყველა პირობა იქნება შექმნილი იმისთვის, რომ თითოეული ფეხბურთელი განვითარდეს და შესაბამისად საქართველოს თასზე გუნდმა წარმატებას მიაღწიოს“ – წერია გუნდის განცხადებაში.

სოხუმის „დინამო“ რამდენიმე წლის წინ თბილისში მამუკა ბიძინაშვილმა აღადგინა. გუნდი ამჟამად რეგიონული ლიგის განახლებისთვის ემზადება. ვაჟთა და ქალთა გუნდების გარდა, სოხუმელებს ფუტსალის გუნდიც ჰყავთ.

აფზახეთის ომმა სოხუმის „დინამო“ ორ ნაწილად გაყო – ქართულ და აფხაზურ გუნდებად. „დინამო“ ოკუპირებულ აფხაზეთში დარჩა, ქართული „ცხუმი“ კი, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი და ორგზის თასის ფინალისტი, იძულებული გახდა, თბილისში გადმოსულიყო. ოფიციალურად უკანასკნელად გუნდმა საკუთარ ქალაქში 1992 წლის 9 აგვისტოს ჩემპიონატის გახსნითი შეხვედრა ხაშურის „ივერიასთან“ ითამაშა და 4:1 დაამარცხა. 14 აგვისტოს აფხაზეთში ომი დაიწყო და კლუბი დროებით წყალტუბოში გადავიდა, შემდეგ – თბილისსა და მცხეთაში თამაშობდა.

2013 წელს მამუკა ბიძინაშვილმა თბილისში სოხუმის „დინამო“ აღადგინა, ამ გუნდის სახელი, ტრადიცია და სამართალმემკვიდრეობა ქართულ მხარეს რომ შეენარჩუნებინა. ეს გუნდი თბილისში თამაშობს, მაგრამ ჯერ საკუთარი სტადიონი და ბაზა არ გააჩნია.