სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით სოფელ რუხში მდუმარე აქცია გაიმართა

23:11, 26.09.2022

ზუგდიდში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში სოხუმის დაცემის დღე სიმბოლური შეკრებითა და მდუმარე აქციით აღნიშნეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებთან ერთად კიდევ ერთხელ გაიხსენეს ერთ-ერთი უმძიმესი დღე საქართველოს ისტორიიდან. მდუმარე აქციას, რომლის ფარგლებშიც სანთლებით დაწერეს – „ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები“, ზუგდიდის მერთან ერთად, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები დაესწრნენ.

ზუგდიდის მერის განცხადებით, შეკრებილების მთავარი გზავნილი აფხაზი დებისა და ძმებისთვის არის – მშვიდობიან საქართველოში ერთად ცხოვრება.

„27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა, რომელიც ჩაიწერა ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში, როგორც ყველაზე ტრაგიკული და ტკივილიანი რიცხვი. ამ ტკივილიან დღეს ჩვენს აფხაზ და-ძმებს ვუწვდით მეგობრობის  ხელს და ვეუბნებით – სიყვარულით ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები“, – განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, მამუკა წოწერიამ.

27 სექტემბერს ​სოხუმის დაცემიდან 29 წელი სრულდება.

მსგავსი