სოფო ქაცარავა - ჩორჩანასთან შექმნილი ვითარება აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და პრობლემებს უქმნის  საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს
სოფო ქაცარავა - ჩორჩანასთან შექმნილი ვითარება აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და პრობლემებს უქმნის  საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა ქმედებებს უკიდურესად დესტრუქციულს უწოდებს.

მისი თქმით, შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმირებულია საერთაშორისო საზოგადოება და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

„ეს არის უკიდურესად დესტრუქციული ქმედება, რაც აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და დიდ პრობლემებს უქმნის ადამიანებს, რომლებიც საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ცხოვრობენ. ამასთან დაკავშირებით ინფორმირებულია საერთაშორისო საზოგადოება და ამოქმედებულია ცხელი ხაზი. როგორც იცით, ამ ყველაფერში ყველა უწყება არის ჩართული“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი შეფასებით, ჩორჩანასთან განვითარებული მოვლენები  საზიანოა უსაფრთხოების გარემოსთვის.

ქაცარავამ საერთაშორისო თანამეგობრობის როლის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ისინი საქმის კურსში არიან.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებულ წნელისს, ჩორჩანასა და წაღვლს შორის საგუშაგოს მოწყობა დაასრულა. საგუშაგოდან დაახლოებით 400 მეტრის მოშორებით დე ფაქტო ცხინვალის დროშა აღმართეს. საგუშაგო იმ გზაზეა მოწყობილი, რომელზეც სოფელ წაღვლის მოსახლეობა გადაადგილდებოდა.

ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) განცხადებით, საოკუპაციო ძალები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ ორ ლოკაციაზე, ხოლო ოკუპირებულ სოფელ წნელისში განთავსებულია საოკუპაციო ძალების ე.წ. საგუშაგო. „აღნიშნული წარმოადგენს უკიდურესად სახიფათო და დესტრუქციულ ქმედებას, რაც სერიოზულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და დამატებით პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს“, – აღნიშნავენ სუს-ში.