სოფო მთივლიშვილი - ნაადრევ ასაკში იძულებითი ქორწინების გაშუქებისას, ხშირად მედია ესაუბრება არა მსხვერპლს, არამედ საზოგადოებას, რაც ძალიან სამწუხაროა
სოფო მთივლიშვილი - ნაადრევ ასაკში იძულებითი ქორწინების გაშუქებისას, ხშირად მედია ესაუბრება არა მსხვერპლს, არამედ საზოგადოებას, რაც ძალიან სამწუხაროა

როდესაც მედია ადრეულ ასაკში იძულებითი ქორწინების ფაქტებს აშუქებს, ხშირ შემთხვევაში, ესაუბრება არა მსხვერპლს, არამედ საზოგადოებას, რაც ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა, სოფო მთივლიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენ არაერთი ფაქტი გაგვიშუქებია ადრეულ ასაკში იძულებითი და მათ შორის, ნებაყოფლობითი ქორწინების. ძალიან სამწუხაროა, რომ როდესაც მედია ასეთ ფაქტებს აშუქებს, ხშირ შემთხვევაში, ესაუბრება არა მსხვერპლს, არამედ საზოგადოებას – იქ არსებულ სოციუმს, მშობლებს, ბიჭის ოჯახს, გოგოს ოჯახს, მეზობლებს და ა.შ. ჟურნალისტებს რატომღაც, გვავიწყდება ხოლმე, ამ საკითხზე თავად მსხვერპლები რას ფიქრობენ. გავლენები ნამდვილად არსებობს. ნებისმიერ მეზობელს შეუძლია, ძალიან სწრაფად ჩამოგიყალიბოთ ნებისმიერი აზრი და დამოკიდებულება იმ კონკრეტული ოჯახის მიმართ, მაგრამ ჩემი აზრით, იმ კონკრეტულ შემთხვევაში ჟურნალისტს არ უნდა აინტერესებდეს, მეზობელი რას ფიქრობს. ჩვენ უნდა გვაინტერესებდეს ის, თუ რას ფიქრობს თავად მსხვერპლი“, – განაცხადა მთივლიშვილმა.

მისი თქმით, თუ ე.წ უტყვ მსხვერპლებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ამ თემაზე ისაუბრონ, საჭიროება გამოკვეთონ და თქვან, თავად როგორ ფიქრობენ ამ პრობლემის მოგვარებას, ეს ამ მდგომარეობაში მყოფ სხვა გოგონებსაც დაეხმარება, რადგან მათ მოტივაციას, რწმენას მისცემს და სიძლიერეს შემატებს.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა გადაცემის ეთერში ადრეულ ასაკში იძულებითი ქორწინების ერთ-ერთ მსხვერპლ გოგონასთან ჩაწერილი ინტერვიუდან ამონარიდი წაიკითხა, სადაც ის თავის მდგომარეობას აღწერს და ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ სოფლებში სპექტაკლები მოეწყობა, სადაც მშობლები ნახავენ, თუ როგორ იტანჯებიან მათი შვილები იძულებითი ქორწინებით.

„მედიაში ასეთი გოგონების ხმა რაც შეიძლება, ხშირად უნდა ისმოდეს. ჩვენ მათი საჭიროებებიდან გამომდინარე უნდა დავგეგმოთ შემდგომი სტრატეგია. როდესაც ეს ინტერვიუ ჩავწერეთ, ამ გოგონას ეშინოდა დაბრუნება და მე მას მივეცი გარანტია, რომ გაშუქება მისი იდენტიფიცირების გარეშე მოხდებოდა. სიუჟეტში, რომელიც ამ ამბავს ეხებოდა, ეს ინტერვიუ რომ ჩამესვა, მას აუცილებლად ამოიცნობდნენ. რაღაცნაირად, დილემის წინაშე ვიყავი, როგორ არ უნდა ჩამესვა, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ჩავსვი და ისე გავაკეთეთ, თითქოს, ის გოგო კი არ ლაპარაკობდა, არამედ სხვა, რომელიც ასევე იძულებითი ქორწინების მსხვერპლი იყო“, – განაცხადა მთივლიშვილმა.

როგორც მთივლიშვილმა აღნიშნა, მედიის როლი იმაში მდგომარეობს, რომ მსხვერპლ გოგონებს მიაწოდოს ინფორმაცია, თუ სად უნდა დარეკონ ასეთ შემთხვევაში, როცა იძულების მსხვერპლი არიან.

„ჩვენ უნდა ვუთხრათ, რომ არსებობს ესა თუ ის სერვისი და კონკრეტული გზები ვაჩვენოთ, რათა ლაპარაკი, მოქმედება დაიწყონ. ჩვენ მხოლოდ ფაქტები კი არ უნდა გავაშუქოთ, მათ ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ. მგონია, რომ მედიას ამაში ძალიან დიდი როლი აქვს“, – განაცხადა სოფო მთივლიშვილმა.