სოფო კილაძე - ქალთა შრომის უფლებების მხრივ სერიოზული გამოწვევები გვაქვს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ ქალთა შრომითი უფლებების მხრივ საქართველოში სერიოზული გამოწვევები არსებობს.
ამის შესახებ კილაძემ კონფერენციაზე: „ქალი, შრომა, უფლებები“ ისაუბრა.
ამასთან, მისი თქმით, სერიოზული მუშაობაა საჭირო ქალთა ანაზღაურების თვალსაზრისითაც.
„ჩვენ რეალურად გვაქვს სერიოზული გამოწვევები, რაც შეეხება ქალთა შრომის უფლებებს. ვფიქრობთ, მეტად უნდა ვიზრუნოთ დედებზე, რომლებიც ბავშვებს ზრდიან და მუშაობენ. მათი დაცვის გარანტიები აუცილებლად უნდა გავზარდოთ, რათა ოჯახი იყოს ძლიერი და ქალთა უფლებები დაცული. ჩვენ მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს შრომის ანაზღაურების კუთხით კერძო სექტორში, რადგან, როგორც კვლევები აჩვენებს, სერიოზული განსხვავებაა კერძო სექტორში იგივე სამუშაოზე ქალებისა და მამაკაცების ანაზღაურებას შორის“, – განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, კანონპროექტი, რომელიც აღნიშნულ საკითხებს ეხება, მომდევნო სესიისთვის პარლამენტში განსახილველად შევა.
„იმედი მაქვს, ნაბიჯ-ნაბიჯ, სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივის თუ პროექტის მეშვეობით, შევძლებთ, უზრუნველვყოთ თანასწორობა შრომითი უფლებების კუთხით“, – განაცხადა სოფო კილაძემ.