სოფო კილაძე - მთელი მმართველობის განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობა“ ამყოფებდა მოსახლეობას საგანგებო მდგომარეობაში და უზღუდავდა უფლებებს
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი სოფო კილაძე აცხადებს, რომ მთელი მმართველობის განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობა“ ამყოფებდა მოსახლეობას საგანგებო მდგომარეობაში და უზღუდავდა უფლებებს.
ამის შესახებ მან პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომელზეც საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე იმსჯელეს. აღნიშნული ცვლილებებით, შემზღუდავი ღონისძიებების გატარება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.
სოფო კილაძემ ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის კრიტიკას უპასუხა, რომელიც აცხადებს, რომ პარლამენტი მთავრობას აძლევს უფლებას, შეზღუდოს გადაადგილება, დაკეტოს ეკონომიკის ყველა დარგი, ჩაკეტოს ადამიანები სახლებში, ჩაკეტოს ქალაქები და პარლამენტს არაფერი ჰკითხოს.
„საგანგებო მდგომარეობაში „ნაციონალური მოძრაობა“ ამყოფებდა ჩვენს მოსახლეობას მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როცა ხელისუფლებაში იყვნენ. ამ საგანგებო მდგომარეობას ახასიათებდა ადამიანის უფლებების არნახული შეზღუდვა, რომელიც მათ შორის, ხელყოფდა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
ერთ-ერთი უმთავრესი უფლება, ადამიანის სიცოცხლის უფლება, აბსოლუტურად ფეხქვეშ გათელილი იყო მათი მმართველობის პერიოდში. ბატონო რომან, თქვენ და თქვენს კოლეგებსაც მოგმართავთ თქვენი პოლიტიკური ძალიდან, გვაცალეთ ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა, გვაცალეთ“, – განაცხადა კილაძემ.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და მათი სატელიტები „ყველანი ერთი კლასტერია“.
„ბატონო რომან, არ საჭიროებს ბევრ განმარტებას, რომ თქვენ, ბოკერიას პარტია და კიდევ ბევრი სხვა ერთი ხართ და ყველას ერთად „ნაციონალური მოძრაობა“ გქვიათ“, – განაცხადა კილაძემ.