სოფო ხუნწარია - იგეგმება ბიბლიოთეკების მოდერნიზება და არა ლიკვიდაცია
სოფო ხუნწარია - იგეგმება ბიბლიოთეკების მოდერნიზება და არა ლიკვიდაცია

იგეგმება ბიბლიოთეკების მოდერნიზება და არა მათი ლიკვიდაცია, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე სოფო ხუნწარიამ თბილისის ბიბლიოთეკების წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.

მისივე თქმით, მერიის მიერ დაგეგმილ რეფორმას ბიბლიოთეკართა ნაწილის პროტესტი მოჰყვა, რაც სამწუხაროა, რადგან რეფორმა მიმართულია ბიბლიოთეკებში არსებული ვითარების გაუმჯობესებისკენ.

მერის მოადგილემ ასევე ისაუბრა ბიბლიოთეკებში დასაქმებულთა დაბალ ხელფასებზე. სოფო ხუნწარიამ აღნიშნა, რომ მოხდება ბიბლიოთეკართა გადამზადება.

„ვწუხვარ, რომ ბიბლიოთეკების რეფორმას პროტესტი მოჰყვა გარკვეული ბიბლიოთეკარების მხრიდან. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან იგეგმება ბიბლიოთეკების მოდერნიზება და არა ლიკვიდაცია. როგორც იყო გაცხადებული, ეს არის თემა, რომელიც შეეხება სამართლებლივ პროცესებს. ბიბლიოთეკა დღეს არის კულტურის სამინისტროს სსიპ-ი და მას აფინანსებს ქალაქ თბილისის მერია, რაც, როგორც ხვდებით, სამართლებრივად აბსოლუტურად გაუმართლებელია“, – აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.

სოფო ხუნწარიას თქმით, ბიბლიოთეკებში მძიმე მდგომარეობაა. მისი განმარტებით, თბილისში არსებული 36 ბიბლიოთეკიდან 30 ინფრასტრუქტურულად გაუმართავია.

„36 ბიბლიოთეკიდან 30 გვაქვს ინფრასტრუქტურულად მძიმე მდგომარეობაში. მესამე პრობლემა, რაც გვაქვს, წიგნის შენახვის პრობლემაა, ამ მხრივ ასევე მძიმე მდგომარეობაა. ჩვენთვისაც გაუსაძლის პირობებში გიწევთ მუშაობა. შეუსაბამოა ის გარემო, რომელშიც თქვენ მუშაობთ. ბუნებრივია, შეუსაბამოა მკითხველისთვისაც. რა საკვირველია, დაბალი ხელფასებია. ჩვენ უნდა გადავდგათ გარკვეული ნაბიჯები, რათა გავმართოთ სისტემა და მივიღოთ ახალი ტიპის ბიბლიოთეკები“, – განაცხადა სოფო ხუნწარიამ.