სოფო გორგოძე - საგამოცდო პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, სამწუხაროდ, გვაქვს დაგვიანების შემთხვევები, მოვუწოდებ აპლიკანტებს, საგულდაგულოდ გაეცნონ საგამოცდო ბარათზე დატანილ ინფორმაციას 
სოფო გორგოძე - საგამოცდო პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, სამწუხაროდ, გვაქვს დაგვიანების შემთხვევები, მოვუწოდებ აპლიკანტებს, საგულდაგულოდ გაეცნონ საგამოცდო ბარათზე დატანილ ინფორმაციას 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფო გორგოძის განცხადებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საგამოცდო პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

მისივე თქმით, დაფიქსირებულია გამოცდებზე დაგვიანების შემთხვევები, ასევე ისეთი შემთხვევაც, როდესაც აბიტურიენტი გამოცდაზე სხვა დღეს გამოცხადდა. გორგოძე მოუწოდებს აპლიკანტებს, საგულდაგულოდ გაეცნონ საგამოცდო ბარათზე დატანილ ინფორმაციას.

სოფო გორგოძის ინფორმაციით, წელს ასევე დაფიქსირდა ისეთი შემთხვევაც, როდესაც აბიტურიენტს გამოცდაზე თან ჰქონდა დამხმარე მასალა, ან თავისი ოჯახის წევრის ნაცვლად ცდილობდა, შეესრულებინა ტესტი. გორგოძის განცხადებით, მსგავსი შემთხვევები ინდენტიფიცირების გარეშე არ რჩება და აბიტურიენტებს მოუწოდებს, თავი უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაიყენონ.

„დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები მათემატიკის გამოცდით გრძელდება. ეს კვირა რომ შევაჯამოთ, შეიძლება ითქვას, რომ ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს საგამოცდო პროცესი. გვაქვს 95 პროცენტიანი გამოცხადება. სამწუხაროდ, მაინც გვაქვს დაგვიანების შემთხვევები. ამ დრომდე სულ გვაქვს ცამეტი დაგვიანება. ასევე გვაქვს შემთხვევა, როდესაც აპლიკანტი სხვა დღეს მოვიდა გამოცდაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა აპლიკანტს, საგულდაგულოდ გაეცნონ საგამოცდო ბარათზე დატანილ ინფორმაციას, რომ ასეთი შემთხვევები აღარ განმეორდეს. გვაქვს გამოცდიდან მოხსნის ოთხი შემთხვევა, ერთი იყო ტელეფონის ფარულად შეტანის გამო, მეორე დამხმარე მასალის აღმოჩენის გამო. კიდევ ერთი შემთხვევა იყო, როდესაც კონკრეტული პირი თავისი ოჯახის წევრის ნაცვლად ცდილობდა, შეესრულებინა ტესტი. მინდა, გავაფრთხილო აპლიკანტები, რომ მსგავსი შემთხვევები არ რჩება ინდენტიფიცირების გარეშე. ჩვენ გვყავს ძალიან კომპეტენტური პერსონალი და ნუ ჩაიგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, ეს შემთხვევა აღკვეთილია და ორივე პირი მოხსნილია გამოცდიდან, ორივე პირი იყო დარეგისტრირებული“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

ამასთან, როგორც სოფო გორგოძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აპლიკანტს, რომელსაც კოვიდი გამოცდის დღეს დაუდასტურდება, საშუალება მიეცემა, ტესტი სხვა დროს ჩააბაროს.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მსგავსი მიზეზით უკვე რამდენიმე ათეული განცხადება აქვთ მიღებული.

„სამინისტროს გადაწყვეტილებით, თუ აპლიკანტს დადასტურებული აქვს კოვიდი გამოცდის დღეს, მათ ჩვენ მოვიწვევთ დამატებით სესიაზე. ამ დროისთვის ნამდვილად გვაქვს განცხადებები შემოსული. შეიძლება ითქვას, რომ უკვე რამდენიმე ათეული. რაც შეეხება მათ საგამოცდო განრიგს, ჯერ არ არის განსაზღვრული და მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა გორგოძემ.