სოფო გორგოძე - აბიტურიენტებს ვთხოვ, ბოლო დღემდე არ მიიყვანოთ რეგისტრაციის პროცესი
სოფო გორგოძე - აბიტურიენტებს ვთხოვ, ბოლო დღემდე არ მიიყვანოთ რეგისტრაციის პროცესი

დღეს დაიწყო რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის და საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგოძემ განაცხადა. მისი თქმით, რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება.

„3 აპრილს, 18:00 საათის შემდეგ აბიტურიენტები და სტუდენტები ვეღარ შეძლებენ დარეგისტრირებას.
მას შემდეგ, რაც აბიტურიენტები და სტუდენტები დარეგისტრირდებიან, მათ აუცილებლად უნდა შეამოწმონ ელექტრონული ფოსტა, რათა ნახონ, მიიღეს თუ არა დასტური რეგისტრაციის შემდეგ. თუ არ გაქვთ დასტური, მაშინ სავარაუდოდ, თქვენ რეგისტრაცია ბოლომდე ვერ გაიარეთ და ამას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. გაურკვევლობის შემთხვევაში, ჩვენს ცხელ ხაზზე დარეკვა არის შესაძლებელი და მოგაწვდით ინსტრუქციებს. ჩვენს ვებგვერდზე (naec.ge) განთავსებულია ცნობარი აბიტურიენტებისთვის და გზამკვლევი სტუდენტებისთვის. იქ იქნება ყველა დეტალური ინფორმაცია, რომელიც გჭირდებათ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სახელით, მინდა გთხოვოთ, რომ ბოლო დღემდე არ მიიყვანოთ რეგისტრაციის პროცესი, რათა შემდეგ რამე პრობლემა არ წამოიჭრას“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

მისივე თქმით, რაც შეეხება სიახლეებს, წელს სიახლეები შეეხო ტესტის ფორმას ქართულ ენაში, ლიტერატურაში, უცხო ენასა და გეოგრაფიაში. თითოეული ამ სიახლის შესახებ აბიტურიენტებს დეტალური ინფორმაცია არის ცნობარში.

„კიდევ ერთი სიახლე კი გრანტის მიღების წესია. წელს სავალდებულო საგნებს შორის არის ქართული ენა და ლიტერატურა, უნარები და უცხო ენა, რაც შეეხება არჩევით საგნებს თუ აბიტურიენტმა ორი ან მეტი არჩევითი საგანი ჩააბარა და ერთში გადალახა ზღვარი, ხოლო მეორეში ჩაიჭრა ან გამოცდაზე არ გამოცხადდა, მას მაინც რჩება გრანტის მიღების შანსი, რისი საშუალებაც შარშან არ იყო. ამასთან, წელს ასევე ჩვეულებრივად რჩება ე.წ. უფასო ფაკულტეტები.

რაც შეეხება ნაკადს, შარშან გვყავდა დაახლოებით 38 ათასი აბიტურიენტი, თუმცა წელს, იქიდან გამომდინარე, რომ გაუქმდა ე.წ. კატის გამოცდები, უფრო მეტ აბიტურიენტს ექნება გამოცდაზე გასვლის საშუალება შესაბამისად ველოდებით, რომ ნაკადი გაიზრდება“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.