სოფიო სომხიშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა - საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა [ვიდეო] #1TVSPORT

აბუ დაბიში დასრულებულ გრანდ სლემზე ძიუდოში ქართველმა მძიმეწონოსანმა სოფიო სომხიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში იგი ჩინელ მეტოქესთან შემოჭვით დამარცხდა. სომხიშვილმა კარიერაში ამ დონის ტურნირის ფინალში პირველად იჭიდავა.

აბუ დაბიში ცოტა ხნით ადრე ბექა ღვინიაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა ფინალში ფრანგი ლორის ტასიე მარტივად, რამდენიმე წამში შებოჭვით დაამარცხა.

მთლიანობაში ტურნირზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია. შეჯიბრის გამარჯვებული პირველ დღეს 19 წლის გიორგი სარდალაშვილი (60კგ) გახდა, მესამე ადგილი კი ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) მოიპოვა. ჩვენი გუნდი საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.