სოფიო ქაცარავა - ყველაზე ეფექტური გზა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის არის ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის ერთიანობა და მდგრადობა
სოფიო ქაცარავა - ყველაზე ეფექტური გზა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის არის ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის ერთიანობა და მდგრადობა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ მონაწილეობა მიიღო გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ბრატისლავას ფორუმში, სადაც განხილვის ძირითადი თემები იყო ევროპული ინტეგრაცია, დემოკრატიის და ლიბერალური წესრიგის გამოწვევები, თავდაცვა და უსაფრთხოება.

სოფიო ქაცარავამ, როგორც სპიკერმა, მონაწილეობა მიიღო პანელზე „დასავლეთი და რუსეთი“, სადაც დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობები და შესაძლო მოლაპარაკებები განიხილებოდა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს გამოცდილებაზე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში.

მისი განცხადებით, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია, დასავლეთმა შეინარჩუნოს ნატო-ს ღია კარის და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა, რაც ქაცავას თქმით, ყოველთვის წარმოადგენდა ევროპული და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების გარანტიას.

„ყველაზე ეფექტური გზა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის არის ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის ერთიანობა და მდგრადობა, ასევე დასავლეთის ძალიან პრინციპული პოზიცია ძირითადი საკითხების შესახებ“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.