სოფიო ქაცარავა - საქართველო გააგრძელებს თანმიმდევრულ საგარეო პოლიტიკას, რომ ქვეყანაში უსაფრთხოება და სტაბილურობა უზრუნველყოს
სოფიო ქაცარავა - საქართველო გააგრძელებს თანმიმდევრულ საგარეო პოლიტიკას, რომ ქვეყანაში უსაფრთხოება და სტაბილურობა უზრუნველყოს

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ჩვენ მსგავსი განცხადებები ხშირად გვესმის, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის თანახმად, რუსეთს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე უკიდურესად ნეგატიური რეაქცია ექნება.

ქაცარავას განცხადებით, საქართველოს თავისი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი და ამ მიმართულებით თანმიმდევრული პოლიტიკა აქვს.

„მსგავსი განცხადებები რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ხშირად გვესმის, ეს პირველი არ არის. ჩვენ ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი და პრიორიტეტები გვაქვს. ჩვენი საგარეო პრიორიტეტია ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანება. ამისთვის ჩვენ ძალიან თანმიმდევრული პოლიტიკა გვაქვს და პირველ რიგში, ეს ყველაფერი, როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში უსაფრთხოებას და სტაბილურობას ემსახურება. შესაბამისად, ჩვენ ჩვენს თანმიმდევრულ საგარეო პოლიტიკას გავაგრძელებთ სწორედ იმისთვის, რომ ქვეყანაში უსაფრთხოება და სტაბილურობა უზრუნველვყოთ“, – განაცხადა ქაცარავამ.

ამასთან, მისი თქმით, საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე აქტუალური და აქტიურია, როგორც არასდროს.

„ეს გამოიხატება მართლაც უპრეცედენტო მხარდაჭერით საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და ჩვენ ამის დასტური არაერთხელ ვნახეთ. ამერიკის მხრიდან ძალიან მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა გვაქვს, რაც არაერთ რეზოლუციაში, განცხადებაში და მაღალი დონის ვიზიტში გამოიხატა“, – განაცხადა დეპუტატმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ  რუსეთს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე უკიდურესად ნეგატიური რეაქცია ექნება. „ჩვენთვის ეს არის პირდაპირი და მყისიერი საფრთხე ჩვენი ნაციონალური უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა პუტინმა.