სოფიო ქაცარავა - ნატო-ს გენერალური მდივნისგან მოვისმინეთ, რომ ალიანსი საქართველოს მხარდაჭერას აგრძელებს
სოფიო ქაცარავა - ნატო-ს გენერალური მდივნისგან მოვისმინეთ, რომ ალიანსი საქართველოს მხარდაჭერას აგრძელებს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში უკვე მეორედ ასეთი მაღალი დონის შეხვედრა ტარდება. ეს ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანი პარტნიორია ნატო-სთვის საქართველო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფიო ქაცარავამ განაცხადა.

მისი თქმით, ბრიუსელში გარდა იმისა, რომ განიხილება ყველა ის საკითხი, რომელიც ნატო-საქართველოს აკავშირებს, ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იქნება შავი ზღვის უსაფრთხოება, სადაც საქართველოს როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი.

„ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან ამ ფორმატშიც აუცილებლად იქნება საუბარი ტერიტორიულ მთლიანობაზე, სუვერენიტეტსა და ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკაზე. უკვე მოვისმინეთ ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადება მის მოლოდინებთან დაკავშირებით, რომ ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ნატო გააგრძელებს როგორც პოლიტიკურ ისე პრაქტიკულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ.

რაც შეეხება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს, შავი ზღვის რეგიონში საქართველოს როლი არის ძალიან მზარდი და ჩვენ ამ დამოკიდებულებას ვხედავთ. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალ დონეზე იქნება განხილული და ამაზე იქნება დიალოგი ნატო-ს მხრიდანაც, თუმცა ამ ეტაპზე ნატო-ს მხრიდან შავ ზღვაში უსაფრთხოების კუთხით საქართველოს როლის გაზრდაზე ჩვენი მხრიდან რაიმე კონკრეტულის მოლოდინზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება“, – განაცხადა სოფო ქაცარავამ.

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში საგარეო საქმეთა მინისტერიალი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ჩრდილოალანტიკურ საბჭოს შეხვდა.