სოფიო ქაცარავა – დიდი ბრიტანეთი ყოველთვის იყო საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას შეფასებით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის განცხადება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია.
როგორც ქაცარავამ პირველ არხს განუცხადა, აღნიშნული განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ დიდი ბრიტანეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მტკიცედ უჭერს მხარს.
„დიდი ბრიტანეთი ყოველთვის იყო საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი და არა მხოლოდ განცხადებების დონეზე, არამედ ახლაც, პრაქტიკულ დონეზეც აქტიურ მონაწილეობას იღებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. ჩვენთვის ტერეზა მეის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია, ნიშნავს და ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკაში დიდი ადგილი უკავია. ბრიტანეთი საქართველოს აქტიური პარტნიორია და საქართველოს საკითხი ყველა დონეზე დგას, რისი დასტურიცაა ტერეზა მეის განცხადება“, – განაცხადა ქაცარავამ.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ ბრიტანეთი მუდმივად მოუწოდებს ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარი გაიყვანოს.