სოფელ თაიაში XI საუკუნის ოცინდალეს წმინდა გიორგის ეკლესიის რეაბილიტაციის პროექტი სრულდება
სოფელ თაიაში XI საუკუნის ოცინდალეს წმინდა გიორგის ეკლესიის რეაბილიტაციის პროექტი სრულდება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიაში XI საუკუნის ისტორიული ძეგლის ოცინდალეს წმინდა გიორგის ეკლესიის რეაბილიტაციის პროექტი სრულდება.

პროექტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და კომპანია „მეღვინეობა ხარებას“ დაფინანსებით ხორციელდება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მოვლა პატრონობის სფეროში მხარეთა თანამშრომლობის პროცესი კლუბ „ემეგობრე მემკვიდრეობას“ ფარგლებში წარიმართა. კლუბის წევრებს შორის „მეღვინეობა ხარება“ მეორე ბიზნეს ჯგუფია, რომლის უშუალო თანადგომითაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მსხვილმასშტაბიანი სამუშაოები განხორციელდა.
სარეაბილიტაციო პროცესი ბაზილიკის ტიპის უგუმბათო ნაგებობაზე მინაშენის, ეკლესიის სახურავის, ეკლესიის ეზოში მდებარე კოშკის სახურავისა და გალავნის აღდგენა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
ამჟამად მთლიანად დასრულებულია ეკლესიის ეკვდერი. შირიმის ქვით აღდგა კედლების შიდა და გარე წყობები, შიდა თაღები, კამარა, ლავგარდანი;
დაფერილი თუნუქის ახალი საფარით მოეწყო ეკვდერის სახურავი;
მიმდინარეობს ეკვდერის იატაკის კირქვით მოპირკეთება, ეკლესიის გალავნის აღდგენა-რეაბილიტაცია კირქვითა და პოლიმერ-კირის ხსნარით.
დაფერილი თუნუქით მოეწყობა კარიბჭისა და ეკლესიის და ეზოში მდებარე კოშკის სახურავები, ჭედური ელემენტებით გაფორმდება ეკლესიის ეკვდერის შესასვლელიკარი, რომელიც ცენტრალური შესასვლელი რკინის კარის შესაბამისად დამზადდა. მან ასწლეულების წინ XI საუკუნის დროინდელი ვაზისაგან დამზადებული მოხარატებული კარი შეცვალა (დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში).

ოცინდალეს წმინდა გიორგის ეკლესიის რეაბილიტაციის პროექტს კომპანია „კლდეკარი” ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულებამ 140 000 ლარი შეადგინა.
საუკუნეების განმავლობაში ოცინდალეს წმინდა გიორგის სახლობის ეკლესია უმიშვნელოვანესი სარწმუნოებრივი ცენტრი იყო, სადაც გიორგობის საეკლესიო დღესასწაულზე მოსახლეობა სამეგრელოს ყველა კუთხიდან იკრიბებოდა. XIX საუკუნეში გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, სოფელ თაიაში ტაძარი თამარ მეფეს განუახლებია. XXსაუკუნის დასაწყისში ოცინდალეში დედათა მონასტერი ფუნქციონირებდა.

XX საუკუნეში ოცინდალეს ეკლესიას, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის ძეგლს, სახელმწიფო იცავდა.მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე 30-მდე მღვიმეა გამოკვლეული, რომელთაგან ერთ-ერთი კავკასიის უდიდეს მღვიმეთა ნუსხაშია შეტანილი.

ტაძრის რეაბილიტაცია უკანასკნელად XX საუკუნის 80-იანწლებში განხორციელდა, რომლის დროსაც მისი სამრეკლო შეკეთდა.

2012 წელს ოცინდალეს ეკლესიაში, სენაკის და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის, შიოს კურთხევით, მამათა მონასტერი დაფუძნდა.