ნატახტარში არჩილ ტატუნაშვილის ახლობლებს სამართალდამცველები ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ
ნატახტარში არჩილ ტატუნაშვილის ახლობლებს სამართალდამცველები ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ

სოფელ ნატახტარში არჩილ ტატუნაშვილის ახლობლებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, აქციის მონაწილეები ცდილობენ, რომ ცენტრალურ მაგისტრალზე გადავიდნენ.

გზა სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი და აქციის მონაწილეებს მაგისტრალზე გადასვლის საშუალებას არ აძლევენ.

ამ დროისთვის ადგილზე ვითარება განმუხტულია, თუმცა აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ დაშლას არ აპირებენ და არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ხელისუფლებისგან რეაგირებას მოითხოვენ.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის დღევანდელი რიგგარეშე შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა – ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დღეს გადმოცემაზე უარი თქვა. უარის მიზეზად კი, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენელმა რუსეთის ფედერაციიდან ექსპერტების ჩართვა დაასახელა და განაცხადა, რომ ცხედარს ოჯახს რამდენიმე დღეში, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გადასცემენ.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის რიგგარეშე შეხვედრა დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით დაინიშნა. შეხვედრაზე ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებისა და დაკავებულების – ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უმოკლეს ვადაში გადმოსვლის საკითხები განიხილეს.