სოფელ მუშევანიდან კორონავირუსით ინფიცირებული ათივე პირი საავადმყოფოში გადაჰყავთ
სოფელ მუშევანიდან კორონავირუსით ინფიცირებული ათივე პირი საავადმყოფოში გადაჰყავთ

ბოლნისის სოფელ მუშევანში დაინფიცირებული ათივე პირი კლინიკაში გადაჰყავთ.

ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი მეშველიანის განცხადებით, თითქმის ერთსაათიანი მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდა, რომ ინფიცირებულები გადაყვანილი იქნებიან კლინიკებში.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა უკვე დატოვეს სოფელი მუშევანი, საიდანაც ინფიცირებული პირები გადაიყვანეს.

„გუშინდელი ინციდენტი ამოწურულია, ათივე ინფიცირებული პირის გამოყვანა მოხერხდა. პროტესტის მიზეზი ძირითადად გახლავთ ის, რომ ამ ადამიანებს პრაქტიკულად არც ერთს არ ჰქონდა სიმპტომი, თავს არ მიიჩნევენ დაავადებულად. მათ ქონდათ გარკვეული პროტესტი სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანაზე. ამას დაერთო ისიც, რომ გარკვეული ნაწილი ადგილობრივი საზოგადოებისა იყო ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ და მათმა პროტესტმა მიიღო მძაფრი ხასიათი, რაც გამოიხატა მათ შორის სიტყვიერ შეურაცხყოფაში და გარკვეულ აგრესიულ ქმედებებში. თუმცა არც ერთი დაზარალებული პირი არ გვყავს, ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ არავისთვის.

დღეს ჩვენ ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან და სამართალდამცველებთან ერთად ვესტუმრეთ ამ ოჯახებს ავუხსენით დეტალური ვითარება. ისინი დაგვთანხმდნენ სამკურნალოდ მათ გადაყვანაზე. ეპიდემიოლოგები და მედიკოსები გააგრძელებენ მუშაობას, ამ ადამიანების ყველა კონტაქტი უკვე ცნობილი და გამოკვლეულია, ტესტირებები ამ სოფლებში გაგრძელდება“, – აცხადებს გოგი მეშველიანი.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების დიდმა ნაწილმაც უკვე დატოვა სოფელ მუშევანის შესასვლელი, სადაც დღეს დილიდან იმყოფებოდნენ. ადგილზე დარჩა რამდენიმე ეკიპაჟი, სადაც მოწყობილია საკონტროლო გამშვები პუნქტი 25 აპრილიდან.

სოფელ მუშევანში კორონავირუსი ათ პირს გუშინ დაუდასტურდა. გუშინდელ ინციდენტზე გამოძიება ნივთის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. შსს ინფორმაციით, ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია და მხოლოდ  მცირედით დაზიანდა ორი ავტომანქანა. სოფელ მუშევანში ზომები 25 აპრილის შემდეგ გამკაცრდა, რაც კორონავირუსის დადასტურებული რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. ინფექციის გავრცელება რომ არ მომხდარიყო, ამ სოფელთან ერთად იმავე დღეს ზომები გამკაცრდა სოფელ ხატისოფელსა და ვანათში, სადაც ასევე კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა დადგინდა.