სოფელ მუჟავაში დაღუპული ჯარისკაცის ოჯახი ითხოვს, გამოძიება სხვა მიმართულებით დაიწყოს
სოფელ მუჟავაში დაღუპული ჯარისკაცის ოჯახი ითხოვს, გამოძიება სხვა მიმართულებით დაიწყოს

წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში, აფხაზეთის ე.წ. საზღვართან ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად დაღუპული წვევამდელის, 19 წლის ბ.რ-ს ოჯახი ითხოვს, გამოძიება სხვა მიმართულებით დაიწყოს. ოჯახის ადვოკატის, როლანდ შონიას ინფორმაციით, აღნიშნული საქმის მასალებში სხვადასხვა ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოება იკვეთება.

„ჩვენების თანახმად, ბრალდებული ამბობს: ჩემდაუნებურად გადავტენე, არ ვიცი როგორ გავმოვკარი სასხლეტს ხელი, უეცრად გამივარდა. ასევე ხაზგასასმელია, რომ ბრალდებულმა მომხდარის შემდეგ ხელები დაიბანა. გვაქვს კითხვა, რატომ არ არის ამოღებული დენთის კვალი, რატომ მიეცა უფლება მას, რომ დაებანა ხელები და მტკიცებულება – დენთის კვალი გამქრალიყო.

ასევე, რატომ დაკითხეს ბრალდებული 20:00 საათამდე, როცა, გამოძიების ვერსიით, გასროლა 13:30სთ-დან 14:00-მდე პერიოდში მოხდა“, განაცხადა როლანდ შონიამ.

მისივე თქმით, ოჯახი ფიქრობს, რომ გამოძიება იარაღის პატრონს ხელს აფარებს. შონიას განმარტებით, იარაღი, საიდანაც გაისროლეს არა ბრალდებულის, არამედ ოფიცრის საკუთრება იყო.

დაღუპული ჯარისკაცის ოჯახის ადვოკატმა მთავარ პროკურორსა და ოლქის პროკურორს ოფიციალური წერილით მიმართა და მოითხოვა, გამოძიება სხვა მიმართულებით დაიწყოს. მისი მტკიცებით, მასალების ანალიზის საფუძველზე, იკვეთება ბევრად მძიმე დანაშაული, რომელშიც უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

შსს-ს ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს ტერიტორიაზე, აღნიშნული სამმართველოს სწრაფი რეაგირების მე-2 ასეულის მოსამსახურემ დ. ჯ. – მ, ამავე სამმართველოს ოცეულის მოსამსახურეს – ა. კ. – ს სახელზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, გაუფრთხილებლობით მოუსპო სიცოცხლე ამავე სამმართველოს სამხედრო მოსამსახურეს ბ. რ. – ს.

ამავე დღეს დ.ჯ. დააკავეს, მეორე დღეს კი მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

უწყების ცნობით, საქმეზე გამოკითხულია ათობით მოწმე, დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი და ამოღებულია საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების მიერ მოპოვებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო დანიშნულია კომპლექსური ბალისტიკური და ქიმიური ექსპერტიზა და გამოძიება გრძელდება.