სოფელ ხარებაში ეკომიგრანტები საპროტესტო აქციას მართავენ
სოფელ ხარებაში ეკომიგრანტები საპროტესტო აქციას მართავენ

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარებაში რამდენიმე სოფლის მოსახლეობა შეიკრიბა. ისინი მერს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ 20 წლის წინ აჭარიდან ჩამოასახლეს და ე.წ ბერძნების სოფელში დაასახლეს. აქვთ ეკომიგრანტის სტატუსი, თუმცა არ არიან სახლების კანონიერი მფლობელები.

როგორც სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, ბერძნებმა, რომლებიც სახლების  მესაკუთრეები არიან, დაიწყეს დაბრუნება და ახლა მათ გამოსახლება ემუქრებათ. მოქალაქეები ხელისუფლებისგან ან იმ სახლების გამოსყიდვას ითხოვენ, სადაც ამჟამად ცხოვრობენ, ან სოფელ ხარებასთან ახლოს, მიწის ნაკვეთებზე ახალი სახლების აშენებაში დახმარებას თხოვენ.
„გვაქვს აქვე ახლოს მიწის ნაკვეთები დარეგისტრირებული. ან იაფი კრედიტი მოგვცენ, ან საშენი მასალის ყიდვაში მოგვეხმარონ, დანარჩენს ჩვენ მივხედავთ ყველაფერს. გვესმის, რომ მესაკუთრეები ბერძნები არიან, მაგრამ ხომ არ შეიძლება ჩვენ ქუჩაში დაგვტოვონ. თან თითქმის ყველა ოჯახს გვაქვს ეკომიგრანტის სტატუსი, რასაც ჩვენი მერი არაფრად მიიჩნევს”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ადგილობრივი მოსახლეობა პრემიერ-მინისტრსაც მიმართავს და წალკის მუნიციპალიტეტის მერისა და მისი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს.