სოფელ გურიანთაში საჯარო სკოლა გაქურდეს, ფაქტზე მხილებულია სამი არასრულწლოვანი
სოფელ გურიანთაში საჯარო სკოლა გაქურდეს, ფაქტზე მხილებულია სამი არასრულწლოვანი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში საჯარო სკოლა გაქურდეს.

როგორც ადგილზე აცხადებენ, წაღებულია კომპიუტერული ტექნიკა.

„სამწუხარო ფაქტი მოხდა. პარასკევს სკოლაში აღმოვაჩინეთ, რომ კომპიუტერული ტექნიკა მოპარული იყო. ამჟამად, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მეტს ვერაფერს გეტყვით“, – აცხადებს გურიანთის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა შარაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა და მხილებულია სამი არასრულწლოვანი.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ სამმა არასრულწლოვანმა, მიმდინარე წლის 15 მარტს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლაში, ღამის საათებში ფარულად შეაღწიეს, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ შენობაში განთავსებულ ორ ნოუთბუქს, პერსონალურ კომპიუტერს, ქსეროქსის აპარატს, მუსიკალურ ცენტრს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.  სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამივე არასრულწლოვანი მომხდარიდან მეორე დღეს ამხილეს. პოლიციამ მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, სამივე მხილებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.