სოფელ გამარჯვებაში ქერის მოსავლის დაბინავების პრობლემების გამო აქცია გაიმართა
სოფელ გამარჯვებაში ქერის მოსავლის დაბინავების პრობლემების გამო აქცია გაიმართა

დედოფლისწყაროში ქერის მოსავლის დაბინავების პრობლემების გამო, ფერმერთა ნაწილმა სოფელ გამარჯვებაში საპროტესტო აქცია გამართა.

მათი თქმით, სოფელში უმოქმედოდ დგას ორი კომბაინი, როცა ტექნიკის სიმცირის გამო, მოსავლის 50 პროცენტი კვლავ ასაღებია.

„გუშინ საღამოს შპს „მექანიზატორს“ არ გავატანეთ ეს ორი კომბაინი, რადგან დიდი ხანია ვითხოვთ ტექნიკას და არ გვაძლევენ. ვუთხარით, რომ ჯერ ჩვენი მოსავალი ავიღოთ ამ კომბაინებით და მერე წაიყვანონ სხვასთან. ამის გამო, დღეს კომბაინის მძღოლები არ გამოუშვეს და შუადღე გახდა, რაც უმოქმედოდ არიან. ჩვენი მოთხოვნის გამო გააკეთეს ასე“, – აცხადებს ფერმერი ილია ღვინიაშვილი.

აქციის მონაწილე პაატა სეხსნიაშვილის განმარტებით, კომბაინების მუშაობის დილიდანვე დაწყების შემთხვევაში, ქერის აღება უკვე დაახლოებით 20 ჰექტარზე მოხერხდებოდა.

ადგილობრივი მოსახლეობა შპს ,,მექანიზატორს“ ფერმერთა არათანაბარ პირობებში ჩაყენებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ტექნიკას მსხვილ ფერმერებს უგზავნიან, ხოლო ვისაც მცირე ფართობი აქვს, ყურადღებას არ აქცევენ. მათი შეფასებით, აღნიშნული მიზანმიმართული ქმედებაა.

„მსგავსი ქცევით სურთ გვაიძულონ, ჩვენი მცირე ფართობი დავთმოთ და მსხვილ ფერმერებს მივყიდოთ. მცირე ფერმერებს გვბლოკავენ“, – აცხადებენ ადგილობრივები.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შპს „მექანიზატორის“ დედოფლისწყაროს სამსახურის დირექტორი კომბაინების სიმცირეს ადასტურებს. სოფელ გამარჯვებაში უმოქმედოდ მდგარ ორ კომბაინთან დაკავშირებით კი, ამბობს, რომ ტექნიკამ გუშინ გვიანამდე იმუშავა.

„ღამის პირველი საათი იქნებოდა მძღოლები მუშაობას რომ მორჩნენ, თან ხალხმაც გაანერვიულეს და ისვენებენ. ახლა გავიგე, ერთს საწვავი არ ჰქონია, მეორეს კი, სავალი დეტალი დაუზიანდა. მალე მოვაგვარებთ და კომბაინებს ავამუშავებთ“, – აცხადებს გონაშვილი.

დედოფლისწყაროელი ფერმერები ამბობენ, რომ მოსავლის დაგვიანებით აღების გამო ზარალდებიან, ქერის მარცვალი სიმწიფისგან ნიადაგში იყრება. ისინი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.