სოფელ ძველ ხიბულაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო
სოფელ ძველ ხიბულაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. 60 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი წლის ბოლოსთვის დასრულდება.

მშენებლობის ღირებულება 1,5 მლნ. ლარია. ძველ ხიბულაში საბავშვო ბაღს ფონდი „ქართუ“ აშენებს.

გარდა ამისა, ფონდი „ქართუ“ სრულ რეაბილიტაციას უტარებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლს. მიმდებარე ტერიტორიაზე ფონდი აშენებს ეკლესიასა და სკვერს. ძველ ხიბულაში სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც ხორციელდება, მიმდინარეობს სოფლის გზების, სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია. სოფელს ასევე ექნება ბუნებრივი აირი და უწყვეტი წყალმომარაგება.

საბავშვო ბაღის მშენებლობა დაათვალიერეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, ფონდ „ქართუს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკო ჩხეტიანმა და პარლამენტის წევრებმა.

„აშენებული ახალი ბაღი შეაჩერებს მიგრაციას სოფლიდან. ძველი ხიბულადან  სერიოზული მიგრაცია იყო. ეს ფაქტობრივად ზვიად გამსახურდიას საჩუქარია 26 წლის შემდეგ, როგორც ეს ბიძინა ივანიშვილმა ბრძანა“, – განაცხადა ნიკო ჩხეტიანმა.

ამჟამად ძველი ხიბულას საბავშვო ბაღი ყოფილ ადმინისტრაციულ შენობაშია განთავსებული, რომელიც ამორტიზებულია.

დატოვე კომენტარი