თერჯოლაში თანასოფლელის სახლის გაქურდვის საქმეზე ერთი პირი დააკავეს
თერჯოლაში თანასოფლელის სახლის გაქურდვის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

ქურდობის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თერჯოლის სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.

როგორც შსს-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.გ.-მ თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში თანასოფლელის საცხოვრებელი სახლი გაქურდა, საიდანაც 7 500 ევრო, 900 დოლარი და ოქროს სამკაულები მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მოპარული ფულის ნაწილი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ხოლო ნაწილი – ბრალდებულის კუთვნილი მიკროავტობუსის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

პოლიციამ, ასევე, ნივთმტკიცებად ამოიღო მოპარული ოქროს ნივთები, რომლებიც გ.გ.-მ ამავე სოფელში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქის სახლში დამალა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გ.გ.-მ წარსულში მის მიერ ჩადენილი ქურდობის კიდევ ერთი ფაქტი აღიარა, რა დროსაც სოფელ ჭოგნარში, მოქალაქის სახლიდან 5 000 ლარი და ოქროს სამკაულები მოიპარა.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.