სოციოლოგიური კვლევის თანახმად, გერმანიაში მომდევნო მთავრობას შესაძლოა, მწვანეები ჩაუდგნენ სათავეში
გერმანიაში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, მომდევნო მთავრობას შესაძლოა, მწვანეები ჩაუდგნენ სათავეში.
„დოიჩლანდტრენდის“ გამოკითხვების თანახმად, მწვანეთა პარტიას ამ დროისთვის-26 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს. გერმანიის მმართველი კოალიციის, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ პოპულარობა იკლებს და ამჟამად მოსახლეობის 23 პროცენტი უჭერს მხარს. სოციალ-დემოკრატების რეიტინგი კი, 14 პროცენტს უტოლდება.
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, გამოკითხვებში ახალი ვითარება შეიძლება ცალკეულ პოლიტიკოსებს უკავშირდებოდეს: გერმანიის ამომრჩეველს რომ შეძლებოდა, უშუალოდ გადაეწყვიტა, ვინ შეცვლის ანგელა მერკელს კანცლერის თანამდებობაზე, 28 პროცენტი ხმას მწვანეების კანცლერობის კანდიდატს, ანალენა ბერბოკს მისცემდა. „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ კანდიდატს, არმინ ლაშეტს 21-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს. ასევე 21 პროცენტი უჭერს მხარს „სოციალ-დემოკრატ“, ამჟამინდელ ვიცე-კანცლერ ოლაფ შოლცს.