ქორწილების, ქელეხების, ბანკეტებისა და სხვა მსგავსი სოციალური ღონისძიებების გამართვაზე შეზღუდვა ძალაში რჩება 
ქორწილების, ქელეხების, ბანკეტებისა და სხვა მსგავსი სოციალური ღონისძიებების გამართვაზე შეზღუდვა ძალაში რჩება 

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ძალაში რჩება შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება, ქორწილს, ქელეხს, ბანკეტს.

მისივე თქმით, პირველი ივნისიდან, კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად მოიხსნება.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გასულ კვირას, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვემსუბუქებინა შაბათ-კვირას კვების ობიექტებთან მიმართებაში მოქმედი შეზღუდვა, კერძოდ, კვების ობიექტებს აქვთ უფლება, მთელი საქართველოს მასშტაბით, შაბათ-კვირას სტუმრები მიიღონ მხოლოდ ღია სივრცეში. საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, პირველი ივნისიდან, კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად მოიხსნება, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ საშუალება ექნებათ, სტუმრები დახურულ სივრცეშიც მიიღონ“, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

დატოვე კომენტარი