სოციალური დაცვის მდგრადი, სამართლიანი და ეფექტიანი სისტემის მხარდასაჭერად, „სოციალურ კოდექსზე“ მუშაობა იწყება
სოციალური დაცვის მდგრადი, სამართლიანი და ეფექტიანი სისტემის მხარდასაჭერად, „სოციალურ კოდექსზე“ მუშაობა იწყება

სოციალური დაცვის მდგრადი, სამართლიანი და ეფექტიანი სისტემის მხარდასაჭერად, ევროკავშირის დაფინანსებით, საფრანგეთისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოები „სოციალური კოდექსის“ ორწლიანი პროექტის განხორციელებას იწყებენ.

ღონისძიება სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად გახსნა.

მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტის წევრებს, საელჩოებსა და პარტნიორი ორგანიზაციების  წარმომადგენლებს „სოციალური კოდექსის“ პრეზენტაცია საფრანგეთის განვითარების სააგენტომ წარუდგინა.

„ვინაიდან დღეს არსებული სოციალური სისტემა ადამიანის სიცოცხლის ყველა ეტაპზე ვერ უზრუნველყოფს სათანადო მხარდაჭერას, მასშტაბური საკანონმდებლო რეფორმა წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარების საფუძველზე განხორციელდება.

სოციალური კოდექსის რეფორმა მიზნად ისახავს სოციალური დაცვის სისტემის სრულყოფილი და ინტეგრირებული მიდგომის დანერგვას, რომელიც მოიცავს მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებას სოციალური, ჯანმრთელობისა და დაზღვევის სექტორებისთვის.

პირველ ეტაპზე, საქართველოში არსებული სოციალური დაცვის სისტემის მოწყობა და სოციალური დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობა გაანალიზდება. განხორციელდება სისტემის ინსტიტუციური და ფუნქციური შეფასება. მოხდება ევროკავშირის ქვეყნების, მათ შორის გერმანიის, საფრანგეთის, ჩეხეთისა და ლიეტუვის სოციალური დაცვის კანონმდებლობისა და სისტემური მოწყობის მოდელების საქართველოსთან შედარება.

შემუშავდება შესაბამისი რეკომენდაციები, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების სოციალური დაცვის მინიმალურ სტანდარტებს დაეფუძნება. გაანალიზდება არსებული გამოწვევები და გამოიკვეთება სისტემაში არსებული ღია სივრცეები.

სოციალური დაცვის სისტემის გაუმჯობესების და განვითარების მიზნით, საკანონმდებლო და ინსტიტუციური მოწყობის კუთხით მომზადდება წინადადებები. ჩამოყალიბდება სოციალური დაცვის მდგრადი სისტემა და ის ადამიანის სიცოცხლის ყველა ეტაპზე მხარდაჭერის ღონისძიებებს მოიცავს.

სოციალური კოდექსის შემუშავება პარტნიორი ორგანიზაციების, საფრანგეთისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოებისა და სხვა დონორი ორგანიზაციების დახმარებით თანმიმდევრულად განხორციელდება“,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, „სოციალურ კოდექსზე“ მუშაობა 2023 წელს დასრულდება.