სოციალურ ქსელებში „სისხლიანი პარასკევის“ შესახებ შეტყობინებების შემდეგ პოლონეთის ვიშკოვის მუნიციპალიტეტში ყველა სკოლა დაიხურა, პოლიციამ მოქალაქეებს პანიკისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა

11:17, 09.10.2026

პოლონეთში, ვიშკოვის მუნიციპალიტეტში ყველა საჯარო და კერძო სკოლა დაიხურა. გადაწყვეტილება მაზოვიის სავოევოდოს გუბერნატორმა მას შემდეგ მიიღო, რაც პარასკევს სკოლებში ორკესტრირებული ძალადობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

9 ოქტომბერს მუნიციპალიტეტში დახურული სკოლების შესახებ ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სასწავლო პროცესის შეწყვეტას წინ უძღოდა სოციალურ ქსელებში მშობლებისა და მოსწავლეთა ჯგუფებში „სისხლიანი პარასკევის“ შესახებ გაგზავნილი შეტყობინებები.

მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ყალბი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მშობლების დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა, ბავშვები სკოლებში არ გაუშვან.

ვიშკოვის მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა ძალოვანი სტრუქტურა. პოლიციამ აღნიშნა, რომ მომხდარზე ინფორმირებული არიან და მოქალაქეებს პანიკისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, 8 ოქტომბერს პოლონეთის მაზოვიის სავოევოდოს სოფელ ლეშჩიდულ-ნოვინის დაწყებით სკოლაში 15 წლის მოზარდი დანით რამდენიმე ადამიანს დაესხა თავს. თავდასხმის შედეგად 37 წლის დამლაგებელი ქალი დაიღუპა, კიდევ ორი ადამიანი დაშავდა.

მსგავსი