სოჭში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, პუტინმა, ალიევმა და ფაშინიანმა ერთობლივი განცხადება მიიღეს
სოჭში დასრულებული სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერთობლივი განცხადება მიიღეს.
სამმხრივი მოლაპარაკებების ტექსტს „არმენპრესი“ ავრცელებს.
„ჩვენ, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შევხვდით 2021 წლის 26 ნოემბერს სოჭში და განვიხილეთ 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადების შესრულების პროცესი მთიანი ყარაბაღის რეგიონის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის სრულად შეწყვეტისა და ყველა საომარი მოქმედებების თაობაზე, ისევე, როგორც 2021 წლის 11 იანვრის განცხადება, რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირის განბლოკვის შესახებ.
კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი შემდგომი ვალდებულება 2020 წლის 9 ნოემბრისა და 2021 წლის 11 იანვრის განცხადებების ყველა დებულების მკაცრი დაცვის თანმიმდევრული იმპლემენტაციის თაობაზე, სამხრეთ კავკასიის სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე. შევთანხმდით, გავააქტიუროთ ერთობლივი ძალისხმევა, რომელიც მიმართულია 2020 წლის 9 ნოემბრისა და 2021 წლის 11 იანვრის განცხადებებიდან გამომდინარე დარჩენილი ამოცანების რაც შეიძლება ადრეულ გადაწყვეტაზე.
აღვნიშნეთ რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტის მნიშვნელოვანი წვლილი სიტუაციის სტაბილიზაციასა და რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
შევთანხმდით, რომ გადავდგათ ნაბიჯები აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების დონის ასამაღლებლად და მივიყვანოთ საქმე აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის ორმხრივი კომისიის შექმნამდე, მისი შემდგომი დემარკაციით, მხარეთა თხოვნის საფუძველზე რუსეთის ფედერაციის საკონსულტაციო დახმარებით.
მაღალი შეფასება მივეცით სამმხრივი სამუშაო ჯგუფის საქმიანობას, რომელიც 2021 წლის 11 იანვრის განცხადების შესაბამისად შეიქმნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის, სომხეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერების ერთობლივი თავმჯდომარეობით, რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირის განსაბლოკად. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს კონკრეტული პროექტები რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის გასახსნელად“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.